saqarTvelos mdinareebi - kodori
სათავე | აფხაზეთის კავკასიონი 43°06`22` ჩ. გ. 41°49`18` ა. გ. |
შესართავი | შავი ზღვა 42°49`10` ჩ. გ. 41°07`49` ა. გ. |
სიგრძე | 84 კმ |
აუზის ფართობი | 2030 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 123 მ³/წმ |
მდინარე დასავლეთ საქართველოში, აფხაზეთის ტერიტორიაზე. კოდორი იქმნება მდინარეების საკენისა და გვანდრის შეერთებით სოფ. მარცხენა გეწვიშთან, ზღვის დონიდან 740 მ. სიგრძე 84 კმ (გვანდრის სათავიდან 110 კმ), აუზის ფართობი 2030 კმ2. ერთვის შავ ზღვას სოფ. აძუბჟის სამხრეთით. მიედინება ვიწრო ხეობაში, შესართავიდან 25 კმ-ზე გადის დაბლობზე, წყლის საშუალო ხარჯი - 123 კუბ.მ/წმ-ში. კოდორის შენაკადთა უმეტესობას სათავე აქვს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფის სამხრეთ კალტაზე. უმთავრესი შენაკადებია: ჩხალთა, მრამბა, ჯამპალი ამტყელით. კოდორის აუზში 100-მდე მყინვარია (მარუხი, პტიში, კლიჩი, ქლუხორი, საკენი და სხვა), რომელთა ფართობი 80 კმ2 აღწევს.
კოდორის ხეობას საკმაოდ ნაირგვარი მორფოლოგიური ხასიათი აქვს, რაც გამოწვეულია ამგები გეოლოგიური ფორმაციების ცვლით, ძველი გამყინვარების გავლენით და ეროზიული პროცესების მსვლელობის პირობებით. ხეობის სიმაღლე აღწევს 1300-3984 მ-ს. გვანდრა-საკენის შესართავს ქვემოთ კოდორის ხეობა მეტწილად ყუთისებური მოყვანილობისაა, ფსკერი ფართო აქვს, რიყე და დაბალი ალუვიური ტერასები კარგად არის გამოსახული. კოდორის კანიონის საწყის უბანს სოფელ ლათას ქვემოთ, „ბაგადის კლდეები“ ეწოდება.
კოდორი საზრდოობს წვიმის (31%), მიწისქვეშა (28,6%), თოვლის (22,6%) და მყინვარული (17,8%) წყლით. წყალდიდობაა მარტის მეორე ნახევრიდან სექტემბრის ბოლომდე. წლიური ჩამონადენის 72% გაზაფხულ-ზაფხულზე მოდის. შემოდგომაზე იცის წყალმოვადრდნები, წყალმცირობა ზამთარშია. კოდორი წყალუხვი მდინარეა. წლიური ჩამონადენი - 4,1 კმ2. შავ ზღვაში შესვლისას ქმნის დელტას.